Friday, August 15, 2014

ტარასი ცინდელიანი

რამდენიმე წლის წინ დმანისში ქორწილში გახლდით. ანსამბლი ,,შგარიდა" მზის საგალობელს ასრულებდა და ძალიან,ძალიან მომინდა წამეკითხა კლარენს შამფრიანის ,,ლილე'' და მომეცა კიდეც ამის საშუალება. შემდეგ სხვა ლექსებიც წავიკითხე და ქორწილის ბოლოს ერთი შუახანს გადაცილებული სვანი მამაკაცი მომიახლოვდა და მკითხა:__უკაცრავად,ქალბატონო ვინ ბრძანდებით და სად მუშაობთ,თქვენი პოეზიით მოვიხიბლე და მეც კინაღამ წავიკითხე ლექსებიო. 
მე ტარასი ცინდელიანი გახლავართ,პოეზიის მოყვარული და თავადაც ლექსებს ვწერო.__ მე რა თქმა უნდა გამიხარდა და ვთხოვე თავისი ლექსები წაეკითხა.
მაშინვე დამთანხმდა და რამდენიმე ლექსი მოვისმინე. მეორე დღესაც შევხვდი და კვლავ პოეზიის წუთებით დავტკბი. მითხრა,ფოლკლორის ლაურეატი ვარ,ხშირად გამოვდივარ კულტურულ ღონისზიებებზე,ადგილობრივ გაზეთშიც დამიბეჭდეს რამდენიმე ლექსიო.
მას მხოლოდ საშუალო განათლება აქვს,მაგრამ დახვეწილი,გრამატიკული ქარულით საუბრობს,მიუხედავად იმისა,რომ რუსეთში მრავალი წელი ცხოვრობდა. სამთო ტურიზმის ინსტრუქტორად მუშაობდა 22 სეზონი,სამჯერ იალბუზი დაულაშქრავს...
მაშინ დავპირდი,აუცილებლად შეგეხმიანები-მეთქი და რამდენიმე დღის წინ გავიგე ნაკრაში ჩამოსულა.შევეხმიანე,თავი შევახსენე და ვუთხარი,ბევრს ვერაფერს,მაგრამ სვანეთის საზოგადოებას გავაცნობ და შევახსენებ თქვენ თავს-მეთქი.
დღეს დიზში მესტუმრა,ბევრი ვისაუბრეთ,ძველი და ახალი ლექსები წამიკითხა,პატარებმაც მოისმინეს და სურათებიც გადავიღეთ. 
აქვე შემოგთავაზებთ მიხეილ ხერგიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ ლექსს,რომელიც 1979 წელს ,,კლდის ვეფხვის'' გარდაცვალების 10 წლისთავს მიუძღვნა:

მწუხარედ კვნესის ჭუნირი,
ცრემლის ნიაღვრით ნაბანი;
მუხლმოუდრეკელ ვაჟკაცებს 
გულს დასცემიათ ჟაბანი.

თითქოს ენგურმაც შეწყვიტა
გუგუნი ლილეს მაგვარი,
თითქოს ჭიუხნიც შეირყნენ
და დასცემიათ თავზარი.

მზემ დაიმოკლა სხივები,
თვალს მოიფინა სუდარა;
დალი დასტირის ,,კლდის ვეფხვსა','
გულის დარდი ვერ დაფარა.

იგლოვეთ სვანნო ამაყნო,
თუ მთებიც იცრემლებიან,
ბუნებას დაუწესია
გმირები ადრე კვდებიან.
1979
ტარასი (ტერენტი) ცინდელიანის ცხოვრების კრედოა:
,,
სიმართლე ჩემთვის ხატია,
სიმდიდრე__ ნათესაობა''...
დღეგრძელობა და ლექსი არ მოშლოდეს!

No comments:

Post a Comment