Sunday, April 24, 2016


ეს წერილი 18 წლისას გაზეთ ,,ქუთაისში'' დამიბეჭდეს.... 

იქნებ წაიკითხოს მეგის მამამ

ქალაქი ახალ წელს ეგებებოდა.ნაცნობნი თუ უცნობნი ერთმანეთს ულოცავდნენ.ბედნიერი ღიმილით მივაბიჯებდი თითქმის დაცარიელებულ  ქუჩაში.მინდოდა ყველასთვის მიმელოცა,ვინც კი მხვდებოდა.ერთ სადარბაზოსთან კიბეზე ჩამომჯდარი 10-11 წლის  გოგონა შევნიშნე,რომელიღაც სართულს რომ აჰყურებდა. ,,ნეტა, რატომაა ქუჩაში?’’__გავიფიქრე და ჯიბიდან შოკოლადი ამოვიღე, ,,ახალ წელს გილოცავ!’’_მხიარულად შევძახე და ხელი გავუწოდე,,მაგრამ ჰაერში გამიშეშდა: გოგონას ცრემლებით ავსებოდა თვალები.ჩემ შეძახილზე უნდოდ შემომხედა და  ამოიოხრა.ამ ამოოხვრას თითქოს პატარა ,უმანკო გულიც თან ამოაყოლა.მივხვდი,რაღაც აწუხებდა.
__რატომ ხარ ამ შუაღამისას ქუჩაში,რას აკეთებ?__ვკითხე.
__რომ გითხრათ,დამეხმარებით?__უკან დავიხიე,ასეთ პასუხს არ ველოდი.
__თუ შევძელი დაგეხმარები,მითხარი,რა მოხდა?__ვუპასუხე ბავშვს,რომელიც ისეთი თვალებით მიყურებდა,თითქოს უნდოდა ჩემი სულის გასაღებს ჩაბღაუჭებოდა და კარი გაეღო,რათა წაეკითხა ,მართლა შემეძლო თუ არა მისი დახმარება.
__იცით,მე ლოთი მამა მყავს.დედა და ჩემი ძმა საღამოს გაყარა სახლიდან,ახლა მეც გამომაგდო,კარი ჩაკეტა .სულ ასეა,თვრება და გვაწიოკებს,დედას სცემს,მე მლანძღავს  უცენზურო სიტყვებით,ბექასაც სცემს, იმას მაინც რას ერჩის__ჯერ ლაპარაკიც არ იცის კარგად.ჩემი ამხანაგები ამაყობენ  თავიანთი მამებით,მე კი?ჩემ გარდა ყველა მხიარულობს.ჩემთვის არაფერი არ არსებობს....__თავი ვეღარ შეიკავა,აქვითინდა.__მილიციაც იყო მოსული,მაგრამ ბებომ არ დაანება წაყვანა.არადა ისე გვემუქრება!...ჩვენი წუწუნიც ყველას მობეზრდა.
__კი, მაგრამ ახლა სად უნდა წახვიდე?,სად უნდა გაათიო ღამე?
__მალე გათენდება,იქნებ დედაც მოვიდეს.რომ სცოდნოდა მეც გამომაგდებდა მამა,წამიყვანდა.ალბათ ბებიასთან წავიდა...__ბავშვმა თავი დახარა.ხმას ვერ ვიღებდი,არ ვიცოდი რა მექნა.
__ნუთუ ქუჩაში უნდა დარჩე? მოდი,ბებიასთან წაგიყვან,ან ჩემთან წამოდი,მარტო ვარ მაინც...
__არა,არა,მამა უარესს მიზამს,აქ უნდა ვიყო.
__იქნებ,მეზობელთან შეხვიდე ,ჯერ არ სძინავთ.
__არა,მეზობლებს მოსწყინდათ ჩვენი ,,წარმოდგენები’’. ჰო,ასე ამბობენ:,,ნუ შეგვიკალით ხელში თქვენი წარმოდგენებითო’’.
ვიგრძენი,როგორ მისუსტდებოდა გულისცემა.მალე სისხლიც გამეყინებოდა ძარღვებში.როგორ,ნუთუ ,მეზობლებს არ შეეძლოთ თავიდან მოეცილებინათ ოჯახის ამრევი,ლოთი მეზობელი?! შეეძლოთ,მაგრამ სხვისი ჭირი ღობის ჩხირად მიაჩნიათ!არადა,დღეს,როცა მძაფრი ბრძოლაა გამოცხადებული ლოთობის წინააღმდეგ ,რატომ ვერ უნდა ხერხდებოდეს ადამიანობადაკარგული,დაჩაჩანაკებული,ალკოჰოლისგან მხეცადქცეული არსებების(მათთვის ხომ შეგენანებათ ,,ადამიანის’’ დაძახება!) თავიდან მოშორება? რისთვის,ვისი გულისთვის უნდა ეშხამებოდეთ ჩვენ ბავშვებს ბავშვობა?!
არ მეგონა ახალი წლის ღამეს ასეთ ტკივილს თუ მომაყენებდა ვინმე.დიდხანს,დიდხანს ვფიქრობდი მეგიზე(მას ასე ჰქვია) და ყურებში მისი სასოწარკვეთილი ხმა ჩამესმოდა.დიდხანს ვფიქრობდი,რით მეშველა,მაგრამ ვერ მომეფიქრებინა.ან ვუშველი კი,რაიმეთი? იქნებ,მცირედი დახმარება მაინც გამეწია და...
მე მეორედ ევხვდი მეგის ერთი თვის მერე...ისევ ცრემლიანი თვალებით,ოღონდ ახლა დედა და ძმაც მის გვერდით იყვნენ.დედამისს(სულ რაღაც 25-27 წლისა იქნებოდა)ხელში მტირალი ბექა აეტატებინა და ტიროდა.გული დამეწვა.მეგისმივუახლოვდი,აცრემლებულ ლურჯ თვალებსი ჩავხედე და ჩუმად ვკითხე:
__ისევ?
მან უხმოდ დახარა თავი.
დედამისს გადავხედე და გულდამძიმებული წამოვედი...
ვინ იცის,რამდენი მეგის და ბექასნაირი ბავშვი გვხვდება ყოველდღე ქუჩაში,ვინ იცის,რამდენს ეწამლება ბავშვობა ლოთი მამების გამო.
ნუ,ნუ დავტოვებთ მათ ავკაცობას ჩრდილში,ნუ მივცემთ ბავშვების წმინდა სულის დასახიჩრების უფლებას,ნუ შეგვაშინებს არაკაცთა მუქარა!
გამოიღვიძეთ მეზობლებო,გადახედეთ თქვენ ნაცნობ-ამხანაგებს,თანაქალაქელებო,იქნებ არის თქვენ შორის ალკოჰოლით დასახიჩრებული არაკაცი.ამხილეთ,სააშკარაოზე გამოიტანეთ მათი უხამსობა,თორემ ვინ იცის,რამდენი ბავშვობაწართმეული მეგი თუ ბექა,გია თუ ლელა,ნინო თუ დათო გვხვდება ყოველდღიურად?!
ძვირფასო რედაქცია,მე არ გამომიგონებია და არც შემილამაზებია მეგის ბავშვური სულის ტრაგედია.არ ვიცი,სწორად ვიქცევი თუ არა,ამ წერილს რომ გიგზავნით.იქნებ არ ღირდა მომეწერა?
მაგრამ,იქნებ წაიკითხოს მეგის მამამ და დაფიქრდეს....
იქნებ,ბევრს ენიშნოს ეს ბარათი....
26 მარტი,1986 წელი,

 ,,ქუთაისი’’