Tuesday, March 4, 2014

თრობის წამები

პირველი წამი... მარტოობა...
ცას დაებინდა
მწიფე თვალები... სიზმრის იყო, 
სიზმარს მიჰგვარა...
სული ცრემლივით ჩამოვარდა
წამწამებიდან
და მკრთალ ღაწვებზე მირონივით
ჩამოიღვარა...
თაკარა სუნთქვა მერამდენედ
ერევა ალერდს...
იბნევა ხმები, (ერეხელი
თუ მერეხელი...)
ღამე გადადის ალიონზე
მზესთან ალავერდს,
თმებში იტაცა ანგელოსმა
მჭვირვალე ხელი...
მარგალიტების ამოქექვას
ვცდილობთ ნაგვიდან...
ზომაშეშლილი, გამომტყვრალი
დადის აგუნა,
უგონოდ ვთვრებით... რაღაც გვინდა,
რაღაც არ გვინდა...
კართან დრო მოდგა,
ხმელი ხელით დააკაკუნა.
გათენებამდე წავლენ წლები
სულისწამღებად...
ცრემლების ნაცვლად თვალთან
იგრძნობ უხამს სისველეს...
როგორ შეცვლილხარ... ვერ გიცანი...
დრომ გადაგღება
და მხოლოდ ჩემი ანგელოსი
თუ გაგიხსენებს...

საშა გველესიანი
15.02.2014

No comments:

Post a Comment