Saturday, March 8, 2014


წითელი კაბა შერღვევია ბროწეულს ტანზე,
საკინძის ღილი, ვერ უფარავს სისხლისფერ ძარღვებს,
და თავს უხრიან ყვავილები გამდგარნი განზე,
გამსკდარა კვირტი და მოქარგულ არშიებს არღვევს.

აელვარებულ მზის სხივებში სიცოცხლე ჰყვავის,
ვიწრო წვივებზე მოსდებია სიცხე ბროწეულს,
მოლოგინებულ დიაცივით დაბადებს ყვავილს,
და შემოახვევს საუცხოო ფერებს ძოწეულს.

მოჰგავს ვნებიანს, დასაკოცნელს ბაგეს ქალისას,
წითელ კაბაში თავს იწონებს მისი მშვენება,
ვიდრე ფესვებში სჩქეფს სიცოცხლე და კვირტად ისხამს,
არ უწერია სილამაზეს გადაშენება..

/ნანა მეფარიშვილი/

No comments:

Post a Comment